როგორ დავაგროვოთ ფული გონივრულად?

image

ყველა ჩვენგანი დროდადრო ფულს ზოგავს. ვიღაცას ეს წარმატებით გამოსდის, ვიღაცას არა. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, დანაზოგის გაკეთების მსურველთა უმეტესობას საქმე ბოლომდე არ მიჰყავს - რაღაც მომენტში ისინი ყველაფერს ტოვებენ და ხარჯავენ დანაზოგს. და მაინც: როგორ დავაგროვოთ ფული მაქსიმალურად სწორად და ზიანის გარეშე, ანუ საიმედოდ? შევეცდებით გაგარკვიოთ ამ საკითხში: 
დაიმახსოვრეთ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი რამ: ფულის დაგროვება - ეს თქვენი გზაა ფინანსური დამოუკიდებლობისკენ. ამიტომ, გეგმის გარეშე აქ ვერაფერს გახდებით. გაიხსენეთ თავად როგორ აგროვებთ ფულს. რაიმე სტრატეგიით სარგებლობთ? დიდი ალბათობით არა. სწორედ ამიტომ, სასურველი თანხის დაგროვება მიუღწევლად მიგაჩნიათ. ამ განხილვიდან გამომდინარეობს პირველი წესი: ფინანსური გეგმის შედგენა, რომელშიც საჭიროა თქვენი შემოსავლის წყაროების მითითება, დანაზოგის დაგროვების მიზანი და ვადები. ასეთი სერიოზული მიდგომა ყველანაირ პრობლემას მოხსნის, რაც დანაზოგის გაკეთებაში ხელს გიშლით.  
აუცილებელია, რომ დანაზოგი სხვა ფულადი სახსრებისგან განცალკევებით გქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ვერ დაიცავთ და გახარჯავთ. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნება ცალკე საბანკო ანგარიშის გახსნა. ამის უამრავი საშუალება არსებობს. თქვენი მოტივაციაც გაიზრდება, რადგან არ გექნებათ საბანკო ანგარიშიდან თანხის თავისუფლად ხარჯვის საშუალება. ამასთან, მუდმივად დაგერიცხებათ ბანკის პროცენტი, შეიძლება ეს მცირედი თანხა იყოს, მაგრამ მაინც შემოსავალია. გარდა ამისა, ამ პროცენტებს ასე თუ ისე შეუძლიათ ინფლაციის გადაფარვა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ამ ბოლო დროს მაღალ დონეზეა. 
შემდეგი პუნქტი არის გადადებული თანხის ოდენობის განსაზღვრა. რეკომენდირებულია თანხის მცირედი ნაწილით დაწყება. ასევე თვალი უნდა ადევნოთ როგორ შეიცვლება ამით თქვენი ცხოვრება და შეგიძლიათ თუ არა, ყოველთვიურად მიღებულ შემოსავალს მოაკლოთ დანაზოგისთვის განკუთვნილი თანხის ნაწილი. ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია პირადი ბიუჯეტის შედგენით. დღემდე არ გაქვთ ის? მაშინ შეადგინეთ რაც შეიძლება სწრაფად - ეს გაზრდის თქვენს შანსებს დანაზოგის გაკეთების მხრივ.  
ზოგჯერ ხდება ისე, რომ მოულოდნელად იღებთ შემოსავალს. მაგალითად, ლატარიაში მოგება, ფულის ჩუქება დღესასწაულზე და ა.შ. რა მიმართულება უნდა მისცეთ ამ ფულს? რეკომენდირებულია, რომ სასწრაფოდ ჩადოთ დანაზოგში. ასე ფულის დაგროვების გზაზე წინ წაიწევთ და კიდევ უფრო მიუახლოვდებით სასურველი თანხის დაგროვების მიზანს. 
ფულის დაგროვების წესების ცოდნა აუცილებელია. თუმცა ყველაზე მნიშნვნელოვან როლს თქვენ და თქვენი ხასიათი თამაშობთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაჩერდეთ: იარეთ წინ და დროდადრო გაზარდეთ დანაზოგი. მხოლოდ ასე შეიძლება მიაღწიოთ წარმატებას ამ საქმეში. 

დატოვე კომენტარი