საქართველო არის ელიტარული ქვეყნების კლუბში, სადაც კომფორტულად არის შესაძლებელი ბიზნესის კეთება

image

მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი შვიდი პოზიციით გაუმჯობესდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველომ 190 ქვეყანას შორის, მე-16 ადგილიდან მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, საერთაშორისო აღიარება მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმებმა განაპირობა. გიორგი გახარიას განცხადებით, გაუმჯობესდა ბიზნესის დაწყების მაჩვენებელი და მცირე აქციონერთა უფლებების დაცვის ინდიკატორი.

„ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეიტინგი, რომელიც კომპლექსურად აფასებს 10 სხვადასხვა კომპონენტის კრიტერიუმის შესაბამისად, ქვეყანაში ბიზნესგარემოს, ბიზნესის კეთების სიმარტივეს და შესაბამისად აკეთება დასკვნებს. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო არის ელიტარული ქვეყნების კლუბში, სადაც მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მარტივად და კომფორტულად არის შესაძლებელი ბიზნესის კეთება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

უფრო კონკრეტულად, სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესებულია 5 ინდიკატორში: ბიზნესის დაწყება – მე-4 ადგილი (2017 წელს მე-8 ადგილი); ელექტროენერგიის ქსელზე მიერთება – 30-ე ადგილი (2017 წელს 39-ე ადგილი); მცირე აქციონერთა უფლებების დაცვა – მე-2 ადგილი (2017 წელს მე-7 ადგილი); კონტრაქტების აღსრულება – მე-7 ადგილი (2017 წელს მე-16 ადგილი) და გადახდისუუნარობის საქმეების გადაწყვეტა – 57-ე ადგილი (2017 წელს 106-ე ადგილი). ამასთან, წინა წელთან შედარებით საქართველოს ქულა გაუმჯობესდა 6 ინდიკატორში, ხოლო 4 ინდიკატორში დარჩა უცვლელი. 2018 წლის ანგარიშით არცერთ ინდიკატორში ქულა არ გაუარესებულა. გაუმჯობესებული ქულების მქონე ინდიკატორებია: ბიზნესის დაწყება – 97.84 (ქულა გაუმჯობესდა 0.01-ით), მშენებლობის ნებართვის მიღება – 77.57 (ქულა გაუმჯობესდა 0.02 ქულით), ელექტროენერგიის ქსელზე მიერთება – 84.32 (შედეგი გაუმჯობესდა 0.55 ქულით), მცირე აქციონერთა უფლებების დაცვა – 81.67 (შედეგი გაუმჯობესდა 5.00 ქულით), გადასახადების გადახდა – 87.14 (შედეგი გაუმჯობესდა 0.04 ქულით), გადახდისუუნარობის საქმეების გადაწყვეტა – 55.59 (შედეგი გაუმჯობესდა 15.57 ქულით).

 




მომწოდებელი news.ge

დატოვე კომენტარი