ანაკლია EBRD-ის ფორუმის მონაწილეა

image

 ანაკლიის პორტისა და ქალაქ ანაკლიის პროექტებს ლონდონში EBRD-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე “Outlook on Georgia 2017“განიხილავენ.

კონფერენცია, რომელსაც  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და „Emerging Europe” ერთობლივად მასპინძლობენ, მთლიანად საქართველოს ეკონომიკურ გარემოს განხილვას ეძღვნება. კონფერენციის მიზანია საქართველოში ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების მიმომხილვა და ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” EBRD-ის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მთავარი პარტნიორია.

„ანაკლია სითის” აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი კონფერენციის ერთ-ერთი სპიკერია. ბოჭორიშვილი ანაკლიის პროექტს დეტალურად წარადგენს დისკუსიაზე: „საქართველო აბრეშუმის გზის გზაჯვარედინზე:  ინფრასტრუქტურული და რეგიონული ინტეგრაციის შესაძლებლობები”. დისკუსიის ფარგლებში საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბისა და გზაჯვარედინის შესაძლებლობებს და ამ პერსპექტივაში მსხვილი ინფრასტრუქტურული ინვესტიციების როლს განიხილავენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ როგორც ანაკლიის პროექტის, ისე მთლიანად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების წარმოჩენას. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებული კონფერენცია ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა ამ მიზნის განსახორციელებლად”, – განაცხადა „ანაკლია სითის” აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა.

„EBRD-Emerging Europe Outlook on Georgia“ ეკონომიკურ თემაზე გამართული კონფერენციების სერიის ნაწილია, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მოწვეულ პარტნიორებთან ერთად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საინვესტიციო გარემოს და ეკონომიკურ პოტენციალს განიხილავენ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყება. ნავსადგურის პირველი ფაზა 2021 წელს ამოქმედდება, როდესაც პორტი პირველ გემებს მიიღებს. პროექტის განხორციელება სულ 9 ფაზად იგეგმება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 2.5 მილიარდი აშშ დოლარია.




მომწოდებელი news.ge

დატოვე კომენტარი