საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დარღვევების გამო ვალუტის გადამცვლელ 28 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა

image

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დარღვევების გამო ვალუტის გადამცვლელ 28 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო თბილისში არსებულ 28 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა.

აღნიშნული პუნქტების საქმიანობა ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობდა, როგორებიცაა იდენტიფიკაცია-ვერიფიკაციის პროცესების არაჯეროვნად განხორციელება, შიდა კონტროლის სისტემის არარსებობა და სხვა. გარდა მითითებული გარემოებებისა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა ხშირად ხდებოდა მომხმარებელთა უკმაყოფილების მიზეზი. კერძოდ, სავალუტო პუნქტების მიერ არ ხდებოდა მომხმარებელთათვის ინფორმაციის მიწოდება გაცვლით კურსებთან დაკავშირებით. ამავე დროს, ხორციელდებოდა ტრანზაქციის საკომისიო გადასახადით დაბეგვრა ან/და გარიგების საყურადღებო კურსით განხორციელება, მომხმარებლის წინასწარი ინფორმირების გარეშე. 

მართალია, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა არ კრძალავს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ნაღდი ფულით ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისათვის საკომისიო გადასახადის დაწესებას და საყურადღებო კურსით ტრანზაქციების განხორციელებას, თუმცა ასეთ შემთხვევებში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის თანახმად, პუნქტი ვალდებულია, აღნიშნულთან დაკავშირებით სათანადო ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს. 


რა ჯარიმებთან შეიძლება სავალუტო პუნქტს ჰქონდეს საქმე:

) იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურებით გათვალისწინებული შესაბამისი ზომების განხორციელების გარეშე ნებისმიერი პირისათვის მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში10,000 (ათი ათასი)ლარის ოდენობით, თითოეულ პირთან მიმართებაში;

) პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში;

) ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

 

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც, პერიოდულად განახორციელებს ინსპექტირებას და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებლის უფლებების დასაცავად და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

დატოვე კომენტარი