სადაზღვევო ბაზარი დაბალი ტემპით ვითარდება

image

გასულ წელს,  გაზრდილი მოგებისა და მოზიდული პრემიის მიუხედავად, სადაზღვევო კომპანიებში მიიჩნევენ, რომ ბაზარი დაბალი ტემპებით ვითარდება. როგორც კომპანიებში აცხადებენ, დადებითი ტენდენციაა, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის პარალელურად,  იზრდება ქონებისა და სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სეგმენტიც, თუმცა, ამ მხრივ,  ისევ რჩება დიდი პოტენციალი ასათვისებელი. სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაზღვევის სხვადასხვა სახეობის წილის ზრდას ხელს შეუწყობს მიმდინარე წლიდან ამოქმედებული სავალდებულო სადაზღვევო პროდუქტებიც, თუმცა, აუცილებელია, რომ ამ სეგმენტმა მომავალშიც განაგრძოს განვითარება.

,,ჯიპიაი ჰოლდინგის’’ მარკეტინგული კომუნიკაციების განყოფილების უფროსის, თინა სტამბოლიშვილის განცხადებით, 2017 წელს სადაზღვევო ბაზარი გაიზარდა 13%-ით, რაც დაბალი დინამიკაა.

 „2017 წელს ბაზარი გაიზარდა 13 % -ით, რაც დაბალი დინამიკაა, თუმცა, მაინც ზრდისკენ მიდის. წილობრივ გადანაწილებას რომ შეხედოთ,  წამყვანი მიმართულება არის ჯანრმთელობის დაზღვევა, მეორე ადგილზე კი ავტომობილებისა და ქონების  დაზღვევაა.  საქართველო არის  თითზე ჩამოსათვლელი იმ ქვეყნების რიგში, სადაც მოქმედებს მხოლოდ ორი კანონი სავალდებულო დაზღვევის შესახებ,  მაშინ როდესაც სავალდებულო დაზღვევა სხვა ქვეყნებში სავალდებულოდ ითვლება რამდენიმე მიმართულებით. პასუხისმგებლობის დაზღვევა მომეტებული რისკის ობიექტებისთვის შარშან დაიწყო, თუმცა ეს არ მოიცავს ისეთ პროფესიებს როგორიცაა ინჟინერია, კონსულტანტი, კონსრუქტორი“, – აცხადებს სტამბოლიშვილი.

დატოვე კომენტარი