საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა უცვლელი რჩება

image

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2018 წლის 1 მაისს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვოს.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ერთჯერადი ფაქტორების ძირითადი ნაწილის განეიტრალებასთან ერთად, 2018 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და მარტში 2.8 პროცენტი შეადგინა.

ამ ეტაპზე, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება. პოლიტიკის ეტაპობრივი შერბილების დაწყებას კომიტეტი ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორების საკმარისად შესუსტების შემდეგ განიხილავს. ეკონომიკური აქტივობის ზრდის მაღალი ტემპები 2018 წლის დასაწყისშიც შენარჩუნდა.

წინასწარი შეფასებით, მარტში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ წლიურად 5.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალში ჯამურად 5.2 პროცენტი იყო. 

საგარეო სექტორის პოზიტიური ტენდენციები 2018 წლის დასაწყისშიც გაგრძელდა. პირველ კვარტალში კვლავ მაღალი ტემპებით გაიზარდა საქონლის ექსპორტი და ტურისტული შემოსავლები. ამავე დროს, შენარჩუნდა ფულადი გზავნილების დადებითი დინამიკა.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2018 წლის 13 ივნისს გაიმართება.

დატოვე კომენტარი