დღეიდან ახალი საბანკო რეგულაციები ამოქმედდება

image

კომერციული ბანკებისთვის დღეიდან ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის გაცემის პროცედურა მკაცრდება.

კერძოდ, კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა ეზღუდებათ. იმისათვის, რომ ფიზიკური პირის შემოსავალი ჩაითვალოს გაანალიზებულად, ბანკში წარდგენილ უნდა იქნეს სახელფასო ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან ან ცნობა შემოსავლების სამსახურიდან.

თუ მსესხებელი შემოსავალს იღებს სავაჭრო/სამეწარმეო საქმიანობიდან, ბანკს მოუწევს გადამხდელუნარიანობის დასადასტურებლად მისი საქმიანობის დეტალური ფინანსური ანალიზი ჩაატაროს.

ეროვნული ბანკის განმარტებით, შემოსავლის დადასტურების გარეშე საცალო სესხების გაცემის მოტივაციის შემცირება ხელს შეუწყობს საბანკო სექტორში საკრედიტო სტანდარტების, ასევე კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელების ხარისხის გაუმჯობესებას და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობების წახალისებას.

დატოვე კომენტარი