ეროვნული ბანკი: ნახევარ მილიონამდე მსესხებელს შემოსავალი საერთოდ არ უფიქსირდება

image

ბოლო წლებში დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ფიზიკური პირების სესხების წილი გაზრდილია, რაც მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკებს პოტენციურად ზრდის, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2017 წლის ანგარიშშია აღნიშნული. ამის შესახებ 1tv წერს.

„მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური ინსტიტუტებისთვის მაღალი საკრედიტო დანაკარგების რისკი და, შესაბამისად, ფინანსური სტაბილურობის პირდაპირი საფრთხე ამ ეტაპზე დაბალია, ამ მონაცემების ანალიზი მომავალში ჭარბვალიანობის ზრდის და, შედეგად, ფინანსური სტაბილურობის რისკების მატების ალბათობაზე მიუთითებს, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, რაოდენობრივად მსესხებლების უმეტეს ნაწილს 2 500 ლარამდე სესხი აქვს, მაგრამ კრედიტორების ჯამურ პორტფელს ძირითადად 2 500 ლარზე მეტი მოცულობის სესხები ქმნის. კრიტიკულად  მაღალი ვადაგადაცილებები კი, სწორედ მცირე თანხებშია და ვადაგადაცილებები მსესხებლების დიდ ნაწილს ეხება.

„საყურადღებოა, რომ ყალიბდება ფინანსური პრობლემების მქონე მოსახლეობის მზარდი მასა, რომელსაც ეზღუდება წვდომა საბანკო ანგარიშებზე და უმცირდება ფორმალური ეკონომიკური აქტივობის მოტივაცია, რაც ნეგატიურად აისახება მოსახლეობის ამ ნაწილის კეთილდღეობასა და, საბოლოოდ, გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზე, – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კონკურენცია და ზრდის სურვილი ცალკეულ საკრედიტო ინსტიტუტებს უბიძგებს გასცენ იმაზე მეტი სესხი, მათ შორის მაღალშემოსავლიან მსესხებლებზეც, ვიდრე კლიენტს შეუძლია მოემსახუროს ფინანსური სიძნელეების გარეშე. შესაბამისად, ბანკი სათანადო ზომების დროულად მიღების აუცილებლობაზე მიუთითებს.

დატოვე კომენტარი