Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ბრენდების რეიტინგი გამოაქვეყნა

image

ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ბრენდების ათეული წარმოადგინა. რეიტინგის შედგენისას კომპანიების ბოლო სამი წლის შემოსავლები შეფასდა. ამის შესახებ BPN-ი წერს. 

გამოცემის რეიტინგში მე-10 ადგილზეა იაპონური Nissan-ი, რომლის ღირებულებაც შეფასებულია 9,4 მილიარდ დოლარად. მე-9 პოზოციაზე ასევე მოხვდა იაპონური პრემიუმ კლასის ბრენდი - Lexus -ი, რომლის ღირებულება მხოლოდ ასი ათასით უსწრებს მეათე ადგილოსანს და 9,5 მილიარდ შეადგენს. 

რეიტინგში მე-8 პოზიციაზეა სპორტული ავტომობილების მწარმოებელი Porsche, ბრენდის ღირებულება 11 მილიარდს შეადგენს.

მეშვიდეა ამერიკული Chevrolet 11,5 მილიარდით, მეექვსეზეც ამერიკული Ford-ია 14,1 მილიარდის ღირებულებით, ხოლო ხუთეულს ხსნის გერმანული Audi 14,8 მილიარდით. თითქმის ათი მილიარდით აღემატება გერმანულ ბრენდს იაპონური Honda-ს ღირებულება 25,5 მილიარდი.

რაც შეეხება ლიდერ სამეულს, აქ მესამეა BMW - 31,4 მილიარდით, ვერცხლის მედალოსანი კი გახდა მისი უმთავრესი კონკურენტი Mercedes-Benz-ი 34,4 მილიარდის ღირებულებით.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილი ბრენდის ტიტული კი, გამოცემის მიხედვით, ერგო Toyota-ს, რომელიც Forbes-მა 44,7 მილიარდ დოლარად შეაფასა.

გასულ წელს Interbrand Corp-ის ვერსიის მიხედვით, 2017 წლის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ბრენდების რეიტინგში პირველი ადგილი ასევე Toyota-მ დაიკავა.

დატოვე კომენტარი