საბანკო ჰოლდინგებთან დაკავშირებით ძალაში ახალი წესები შევა

image

საბანკო ჰოლდინგებთან დაკავშირებით ძალაში ახალი წესები შევა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ლონდონში BGEO ჯგუფის გაყოფისა და საქართველოს კაპიტალის აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების ღონისძიების დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, საბანკო სექტორი რეალური ეკონომიკისგან გაყოფილი უნდა იყოს. 

დღევანდელი დღე საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მივიღეთ ორი დამოუკიდებელი კომპანია, რომლის აქციებიც ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში. გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ ერთი კარგი ჯანმრთელი კომპანია რეალურ ეკონომიკაში, რომელსაც შეუძლია განვითარდეს. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ბანკებმა აკეთონ თავიანთი საქმე, ხოლო არაპროფილური მიმართულება გააგრძელონ იმ კომპანიებმა რომლებსაც ამის საკანონმდებლო შესაძლებლობა აქვთ. მე მჯერა, რომ საქართველოს კაპიტალი იქნება წარმატებული კომპანია, რომელიც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 2017 წლის დეკემბერში მივიღეთ კიდევ იხვეწება და საბანკო ჰოლდინგებთან დაკავშირებით ძალაში შევა ახალი წესები, რომელიც კიდევ უფრო მკვეთრად გამიჯნავს რეალურ სექტორს და საბანკო სექტორს, რათა რეალურ სექტორს მეტი განვითარების შესაძლებლობა მიეცეს, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

დატოვე კომენტარი