Unicef: საქართველოში შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც თავს ღარიბად მიიჩნევენ

image

Unicef-ის მიერ ჩატარებული „მოსახლეობის კეთიდღეობის კვლევა 2017“-ის თანახმად, საქართველოში შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც თავს ღარიბად მიიჩნევენ.  ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელთან შედარებით საქართველოში სიღარიბის დონე გაზრდილია, კვლევა არ მოიცავს იმ გარემოებას, რომ 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს სიღარიბის დონე საქართველოში შემცირებულია.

2015 წელთან შედარებით მონეტარული სიღარიბის ზრდის მიუხედავად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სუბიექტური სიღარიბის მაჩვენებლები, კერძოდ 2015 წელს 38.4 პროცენტიდან სუბიექტური სიღარიბე 33.7 პროცენტამდე შემცირდა, რაც იმას გულისხმობს, რომ მოსახლეობის მიერ სიღარიბის დონის აღქმა შემცირებულია.

ეს უკავშირდება რეალური შემოსავლების ზრდას, სამომავლოდ პოზიტიურ მოლოდინებს, რაც აუცილებლად აისახება ხარჯებზე და სიღარიბის მაჩვენებელზე. ამას მოწმობს ოფიციალური სიღარიბის სტატისტიკაც. 

2015 წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის იმ ნაწილის ხვედრითი წილი, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო გაზრდილია მათი ხვედრითი წილი, ვინც თვლის რომ მისი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. 

2017 წელს ხარჯების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ტენდენცია ფიქსირდება - 14.8 პროცენტით (რეალურ გამოხატულებაში კი 20.1 პროცენტით) შემცირდა შინამეურნეობების მიერ გაწეული გრძელვადიანი ხარჯები, რაც ნიშნავს სესხის მომსახურების ხარჯებს. 

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საბანკო ხარჯები საზოგადოების ყველა ფენისთვის შემცირდა. მათ შორის, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვისაც შემცირდა სესხის მომსახურების ხარჯი. აღნიშნული საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შედეგია, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შემცირდა დოლარიზაციის და მოწყვლადობის დონე.

დატოვე კომენტარი