ცნობილია რა თანხას ხარჯავენ თბილისელები დასვენებაში

image

საქართველოს ფარგლებში დასასვენებლად ვერ წასვლის მიზეზებს შორის ყველაზე აქტუალური ფულის უქონლობაა, ასე ფიქრობს კომპანია „ეისითის“ კვლევის ფარგლებში გამოკითხული თბილისელების 63%-ი.

„ეისითმა" კვლევის შედეგები 22 ივნისს გამოაქვეყნა. 

როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, გამოკითხულთა ყველაზე მეტი 43% წელიწადში ერთხელ ახერხებს დასვენებას.

როგორც აღმოჩნდა, უმეტესობისთვის დასვენებისთვის ყველაზე ოპტიმალური დრო ზაფხულია (94%). ამ მხრივ გენდერული და ასაკობრივი სხვაობები არ გამოვლენილა.

იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც წლის განმავლობაში საშუალოდ 500-დან 1000 ლარამდე ხარჯავენ ფულს დასვენებისთვის, ყველაზე მეტი-41% აღმოჩნდა. 500 ლარამდე ბიუჯეტს იმყოფინებს გამოკითხულთა 28%-ის ოჯახები.

დასვენებისთვის საჭირო ბიუჯეტს საქართველოს ფარგლებში დამსვენებელთა 55% მთელი წლის განმავლობაში აგროვებს. 25%-ს საერთოდ არ სჭირდება ფულის დაზოგვა დასვენებისთვის და მათ შორის უფრო მეტად კაცებს 33%, ვიდრე ქალებს 20%. დამსვენებელთა 8%-ს კი საბანკო სესხის, ან განვადების გაკეთება უწევს დასასვენებლად საჭირო თანხის შესაგროვებლად.

კვლევა ჩატარდა თბილისის მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2018 წლის 2-3 ივნისის პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს.

დატოვე კომენტარი