საგადასახადო შეღავათი მცირე ბიზნესის რეგისტრაციის მაჩვენებელს გაზრდის

image

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი თაბუაშვილის შეფასებით, ბრუნვის გადსახადის 5%-დან 1%-მდე შემცირება, ასევე მცირე მეწარმის სტატუსის მისაღებად, 100 ათასიანი ზღვრის 500 ათასამდე გაზრდა, კარგი წამახალისებელი იქნება მეწარმეებისთვის, რომ მათ საქმიანობა გააფართოვონ. 

გარდა ამისა, თაბუაშვილი მიიჩნევს, რომ რეფორმა ეკონომიკური საქმიანობისკენ უბიძგებს იმ ადამიანებსაც, ვინც ჯერაც არ არის დაკავებული ბიზნესით. 

ბრუნვის 5%-იანი გადასახადი, არ იყო მცირე გადასახადი, შესაბამისად მისი 5-ჯერ შემცირებაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი. ეს ძალიან ბევრ, დაახლოებით 120 ათასამდე ადამიანს შეეხება და შესაძლოა მათი რაოდენობა 150-200 ათას მეწარმემდეც გაიზრდოს, თუ ისინიც მოახდენენ თავისი საქმიანობის რეგისტრაციას, ვინც დღეს ჩრდილშია. როგორ აისახება რეფორმა ბიუჯეტზე რთული სათქმელია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ რეგისტრირებულთა რაოდენობა გაიზრდება და თან უბიძგებს ეკონომიკური აქტივობისკენ, უბიძგებს დაარეგისტრირონ საქმიანობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გაფართოვდეს მეწარმეთა ბაზა, ფისკალური ეფექტი მეორეხრისხოვანია, - განაცხადა თაბუაშვილმა. 

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მცირე ბიზნესის სტატუსის მისაღებად მეწარმეებმა სამსახურის სერვისცენტრებს განცხადებით უნდა მიმართონ.

დატოვე კომენტარი