მცირე ბიზნესისთვის საგადასახადო წნეხი ფაქტობრივად აღარ იარსებებს

image

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი 1 ივლისიდან 1%-იანი განაკვეთით დაიბეგრება. მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომლთა შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500 ათასი ლარამდე, ნაცვლად დღემდე არსებული 100 ათასი ლარისა. 500 ათას ლარზე გადაჭარბების მიუხედავად, პირს მცირე ბიზნესის სტატუსი 2 კალენდარული წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება. როგორც შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი თაბუაშვილმა განაცხადა, შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი ჯამში 120 ათას მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება.

მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი მთავრობას ინიციატვას უწონებს. მიხეილ ჭელიძე ამბობს, რომ შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი მეწარმეობას უფრო მიმზიდველს გახდის და მცირე ბიზნესის წილი მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„მთლიანობაში კარგი ინიციატივაა. მცირე  მეწარმეობა უფრო მიმზიდველი გახდება, რადგან საგადასახადო წნეხი ფაქტობრივად აღარ იარსებებს. მთავარი არის ის, რომ დღგ-ს ბარიერი მოიხსნა, რაც ნიშნავს რომ 100 ათას ლარს თუ ადრე ასცდებოდი დღგ-ს გადამხდელად უნდა დამდგარიყავი, მაგრამ მცირე მეწარმის სტატუსს კარგავდი ავტომატურად. 100 ათას ლარს რომ ასცდები დღგ-ს გადამხდელად უნდა დადგე, მაგრამ მცირე მეწარმის სტატუსი გინარჩუნდება 500 000 ლარამდე ბრუნვის ფარგლებში, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია და მნიშვნელოვანი ხარვეზი იყო. მეორე მომენტი არის ის, რომ წახალისებით გაიზრდება მცირე მეწარმის რაოდენობა და ეს მეტ მატერიალურ დოვლათს შექმნიან ქვეყნის მასშტაბით“-განაცხადა მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა, მიხეილ ჭელიძემ.

დატოვე კომენტარი