მამუკა ბახტაძე: დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირებისას მცირე მეწარმის სტატუსი შენარჩუნდება

image

მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო რეფორმასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა.

პრემიერმინისტრის განცხადებით, ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდს მემკვიდრეობით ერგო ისეთი ეკონომიკური მოდელი, სადაც ხშირად საგადასახადო ტვირთი მცირე მეწარმეებისთვის უფრო დიდი იყო, ვიდრე მსხვილი ბიზნესისთვის.

პრემიერმინისტრმა საგადასახადო რეჟიმი, რომელიც დღეიდან ამოქმედდა უნიკალურად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის მცირე მეწარმეებს ბრუნვის გადასახადს 5-ჯერ შეუმცირებს.

„როგორც დაგპირდით, საქართველოს ეკონომიკაში ჩვენ დავამკვიდრებთ სამართლიან თამაშის წესებს, ისეთ ეკონომიკურ მოდელს, რომელიც ორიენტირებული იქნება მთავარი გამოწვევის დამარცხებაზე და აღმოფხვრაზე - ეს არის ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ საქართველოში დავძლიოთ სიღარიბე. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მემკვიდრეობით ერგო ისეთი ეკონომიკური მოდელი, სადაც ხშირად სამწუხაროდ საგადასახადო ტვირთი მცირე მეწარმეებისთვის იყო უფრო დიდი, ვიდრე მსხვილი ბიზნესისათვის; ისეთი მოდელი, სადაც მცირე მეწარმეებს ჰქონდათ მნიშნელოვანი ბარიერი იმისთვის, რომ გაეფართოებინათ თავიანთი მომსახურებისა და პროდუქციის გაყიდვის ბაზარი. ამასთან ერთად, საგადასახადო ადმინისტრირების მექანიზმები ხშირად აიძულებდა მცირე მეწარმეებს ყოფილიყვნენ ჩრდილოვან ეკონომიკაში. ჩვენი მთავარი გზავნილია საქართველოში სიღარიბის დაძლევა, რომლის წარმატების ერთადერთი  გადის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებაზე. ეს არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ჩვენს ეკონომიკურ გამოწვევას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ეს  არის ძალიან მაშტაბური რეფორმა, რომელიც მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100 პროცენტს ეხება.

„ჩვენ ვსაუბრობთ დაახლოებით 120 ათას მეწარმე ფიზიკურ პირზე და მათ უკან მდგომ უამრავ ადამიანზე. ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ ინიციატივას და შედეგად, პარლამენტმა დაამტკიცა შესაბამისი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომელიც დღეიდან უკვე ამოქმედებულია“, - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

ბახტაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დღგ-ს გადამხდელებად დარეგისტრირებით ფიზიკური პირი მცირე მეწარმის სტატუსს არ დაკარგავს. 

„მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება არაუმეტეს 500 000 ლარისა, ნაცვლად დღეს არსებული 100 000 ლარამდე ზღვარისა; მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი 5%-დან 1%-მდე მცირდება;მცირე ბიზნესისთვის შენარჩუნებულია უმარტივესი საგადასახადო აღრიცხვის წარმოების შესაძლებლობა. გადასახადის გადახდა და დეკლარირება ხდება ყოველთვიურად და არა ე.წ საავანსო გადასახადის სახით, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ჩვენი მეწარმეებისთვის, ვინაიდან მათ უწევდათ გადასახადის გადახდა წინასწარ რეჟიმში; მცირე მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის პარალელურად, დარეგისტრირდნენ დღგ-ის გადამხდელებად”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განმარტა, რომ დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მცირე მეწარმის სტატუსს დაკარგავს. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ყველა შეძლებს, ისარგებლოს მცირე მეწარმის სტატუსით, მიუხედავად იმისა, ის იხდის დღგ-ს თუ არა.

„ახალი საგადასახადო ინიციატივა ერთის მხრივ, აწესებს მინიმალურ საგადასახადო ტვირთს მცირე ბიზნესისთვის, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მეწარმეებისთვის გამარტივებული საგადასახადო აღრიცხვის მეშვეობით, მინიმუმამდე შევამციროთ საგადასახადო ადმინისტრირების დანახარჯები. აღნიშნული რეჟიმით შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენს მოქალაქეებს, თვითდასაქმებულებს, რომელთათვის ასეთი ტიპის საგადასახადო შეღავათი უმნიშვნელოვანესია, რომ მათ განაგრძონ თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა და მიიღონ შესაბამისი სერვისები როგორც სახელმწიფოსგან, ასევე სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტისგან. ახალი საგადასახადო რეჟიმი უზრუნველყოფს სექტორის უფრო მეტ გამჭირვალობას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეებს, უფრო მეტად ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე.  ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ მე პირადად წლის დასაწყისიდან მქონდა არაერთი შეხვედრა საქართველოს რეგიონებში ჩვენს მცირე მეწარმეებთან და მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ აღნიშნული საგადასახადო რეფორმის დიდი ნაწილი სწორედ ნაკარნახევია მათი ინიციატივით. მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა მეწარმეს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა აღნიშნული რეფორმის შექმნაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლაც პირადად ვუთხრა მათ, რომ ჩვენ შევასრულეთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირება, რომელსაც ისინი ელოდნენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დატოვე კომენტარი