პრემიერს ბიზნესისთვის 550 მილიონი ლარის ჩამოწერა მოუწევს

image

შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, გადაუხდელი და სავარაუდოდ, ჩამოსაწერი თანხა 550 მილიონი ლარია. ინფორმაცია საჯარო უწყებიდან „კომერსანტმა“ გამოითხოვა. გამოცემა ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ აპირებს 2013 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო დავალიანება ჩამოაწეროს ყველა გადამხდელს. 

„როცა ვსაუბრობთ უსამართლო წესებზე ეკონომიკაში, ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იყო 2011-2012 წლები, როდესაც ჩვენს მეწარმეებს და ქართული კომპანიების მნიშვნელოვან ნაწილს დაარიცხეს არასწორი საგადასახადო ვალდებულებები. აქედან გამომდინარე, ჩვენი პირველი ინიციატივა შეეხება იდეას, რომ სრულად ჩამოვაწეროთ საგადასახადო დავალიანება ყველა გადამხდელს 2013 წლის 1 იანვრამდე. ეს შეეხება დაახლოებით, 36 ათას გადამხდელს. მათ უკან დგას ქართული ოჯახები, ენერგია და საშუალება, რომ მათ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობა გააგრძელონ“, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ პრემიერმინისტრობის კანდიდატის რანგში, 2018 წლის 19 ივნისს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როდის გამოაცხადებს ხელისუფლება საგადასახადო ამნისტიას, ჯერ ცნობილი არ არის. დღეს მოქმედი კანონმდებლობით კი, დავალიანების გამო გადამხდელმა შესაძლებელია შეწყვიტოს ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ  დარიცხული საგადასახადო დავალიანება მაინც უნდა დაფაროს.

დატოვე კომენტარი