რომელ ქვეყნებში ყიდულობენ ქართველები უძრავ ქონებას

image

ქართველების მხრიდან საზღვარგარეთ უძრავი ქონების შეძენაზე მოთხოვნა იზრდება. როგორც კომპანიის Propertyabroad საქართველოს წარმომადგენლობაში „ბიზნესპრესნიუსს" განუცხადეს, ყველაზე მზარდი მოთხოვნა ფიქსირდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე, თურქეთსა და ამერიკაზე.

მათი ინფორმაციით, საზღვარგარეთ უძრავი ქონებისადმი გამოთქმული და რეალურად გამოჩენილი ინტერესი ხშირად ერთმანეთისგან განსხვავდება - თუ თეორიულად ყველაზე მეტი ინტერესი დასავლეთ ევროპული ქვეყნების მიმართ ჩნდება (გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი), მსყიდველუნარიანობის და შეძენის პროცედურების სიმარტივის გათვალისწინებით, უძრავ ქონებას შედარებით დაბალფასიან სეგმენტში ყიდულობენ (თურქეთი, საბერძნეთი და ა.შ.).

საზღვარგარეთ უძრავი ქონების შეძენის მსურველები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან იმ ვარიანტებით, სადაც შესაძლებელია უძრავი ქონების შეძენა იპოთეკური სესხის მიღებით. ეს მათ, ერთი მხრივ, უმცირებს პირველადი შენატანის მოცულობას, მეორე მხრივ კი გზას უხსნის ევროპული საბანკო ინსტიტუტებისკენ. 

ასევე მატულობს მათი რიცხვიც, ვინც უძრავ ქონებაში დაბანდებას მხოლოდ საინვესტიციო ინსტრუმენტად განიხილავს - ყიდულობს დღეს შედარებით იაფად, რათა მომავალში უფრო ძვირად გაყიდოს და ამით ნახოს სარგებელი.

რაც შეეხება ფასებს, უძრავი ქონების ფასი დიდწილად გამომდინარეობს ადგილმდებარეობიდან, ყიდვის პირობებიდან, ობიექტის არსებული მდგომარეობიდან და კიდევ ბევრი სხვა გარემოებიდან.

თურქეთში სასტუმროს ტიპის სახლებში ოთახის შეძენა 40 ათასი ევროდანაც შეიძლება. ზოგჯერ ამავე ფასად შეიძლება წააწყდეთ ბინას მრავალბინიან სახლში თუნდაც გერმანიაში, შედარებით ნაკლებად აქტიურ რომელიმე ფედერალურ მიწაზე.

ინფორმაციას ევროპაში საცხოვრებელი სახლების ფასების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.  

დატოვე კომენტარი