ვალუტის გადამცვლელ 36 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა

image

დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე შემოწმებების ფარგლებში, "ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის" მოთხოვნათა დარღვევების გამო, 36 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა, ხოლო 68 პუნქტს ფულადი ჯარიმა დაეკისრა. 

დარღვევები ძირითადად დაფიქსირდა ვიდეო მეთვალყურეობის სისტემების დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობასა და მომხმარებლისათვის ინფორმაციის არასათანადოდ მიწოდების გამო, მათ შორის, ტრანზაქციის გაუქმების შესაძლებლობის, საკომისიოს და საყურადღებო კურსის გამოყენების თაობაზე. 

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც, პერიოდულად განახორციელებს შემოწმებას და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. 

ამასთან, ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიოსთან დაკავშირებული ინფორმაცია.

დატოვე კომენტარი