როდისაა შესაძლებელი დაგროვებითი პენსიის გატანა

image

პარლამენტის მიერ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემდეგ საზოგადოებაში ამ საკითხზე კითხვები აქტუალურია. მოქალაქეებს აინტერესებთ, შენატანის უზრუნველყოფის ვალდებულება და პრინციპები. 

მთავარ კითხვებზე imedinews-მა ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროდან გამოითხოვა. სამინისტროს მოწოდებულ ინფორმაციაში განმარტებულია, როდისაა შესაძლებელი დაგროვებითი პენსიის გატანა.

მათივე ცნობით, პენსიის გატანა, ლიმიტირებული შემთხვევების გარდა, შესაძლებელია მხოლოდ საპენსიო ასაკში, რომელიც კაცების შემთხვევაში შეადგენს 65 წელს, ხოლო ქალის შემთხვევაში 60 წელს. თუმცა, ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია გადაავადოს პენსიის მიღება მისი საჭიროებიდან გამომდინარე ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოითხოვოს მისი საპენსიო დანაზოგის მთლიანი თანხით მიღება.

ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, საპენსიო ასაკში პენსიის გაცემა შესაძლებელია პროგრამული გაცემის გზით, რაც გულისხმობს დანაზოგის სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფას, ეს მეთოდი შემუშავებულია იმისთვის, რომ მონაწილემ პენსიის მიღება შეძლოს ხანგრძლივი დროით.

ასევე, სადაზღვევო ანუიტეტის საშუალებით (კერძო სქემაში გადატანით) - ეს მექანიზმი უზრუნველყოფს, რომ მონაწილემ შეძლოს საპენსიო დანაზოგის პენსიის სახით მიღება სიცოცხლის ბოლომდე.

მთლიანი თანხის ერთჯერადი გაცემის გზით - მსგავსი მეთოდით გატანა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი საპენსიო ფონდში დააგროვებს მცირე მოცულობის თანხას, ან მონაწილე საპენსიო ფონდში აგროვებს მცირე დროის განმავლობაში, ან თუ მონაწილეს მიენიჭება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი, ან ის დატოვებს საქართველოს და გახდება სხვა ქვეყნის მოქალაქე. ასევე, სხვა მეთოდებით, რომლებსაც შეიმუშავებს საპენსიო სააგენტო.

ასევე დაინტერესებულ პირებს შეუძლია გაეცნონ ინფორმაციას, ვისზე ვრცელდება და არ ვრცელდება დაგროვებითი საპენსიო რეფორმა და ვისთვისაა სავალდებულო დაგროვებითი პენსიის შენატანების უზრუნველყოფა.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა 21 ივლისს მესამე მოსმენით მიიღო.

დატოვე კომენტარი