საქართველოში არსებული მანქანების თითქმის ნახევარი 20 წლის ან კიდევ უფრო ძველია

image

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, საქართველოში არსებული ავტოპარკის თითქმის ნახევარი 20 წელზე მეტი ხნის არის. ინფორმაციას allnews-ი ავრცელებს.

სამინისტროს მონაცემების თანახმად, ავტოპარკი სულ 413 816 მანქანისგან შედგება. აქედან, 3-წლამდე ავტომობილების რაოდენობა 1,3%-ია (11 695), 4-დან 6-წლამდე - 2,3% (20 691), 7-დან 10-წლამდე - 5,4% (48 578), 11-დან 20-წლამდე - 45% (404 820) და 20 წელზე ზემოთ - 46% (413 816).

1 ივლისიდან სავალდებულო გახდა სახელმწიფო ავტოპარკისა და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება.

იურიდიული პირებისა და სახელმწიფო უწყების მფლობელობაში სულ 75 ათასი ავტომობილია. ამ დროისთვის, ტექინსპექტირება იურიდიული და სახელმწიფო უწყებების კუთვნილმა 900-ზე მეტმა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. ერთი მსუბუქი ავტომობილის შემოწმება 60 ლარი ღირს, სატვირთოსი კი – 100 ლარი.

აუდიტის კვლევის მიხედვით, საქართველოში ჰაერის დაბინძურების 71% მანქანებზე მოდის.

20 ივნისის მონაცემებით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 34 740-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. ტექდათვალიერების შემდეგ 722 ავტომობილს მოძრაობა აეკრძალა.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს. 

ტექინსპექტირების გავლა საქართველოს მასშტაბით მოქმედ 32 აკრედიტებულ, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრშია შესაძლებელი. თემაზე ყველა საჭირო ინფორმაციის ნახვა კი შესაძლებელია ვებგვერდზე pti.ge. მოქმედებს ცხელი ხაზიც – 1484.

დატოვე კომენტარი