დღგ-ის ზედმეტობის სახით, დაახლოებით, 238 მლნ ლარია დაბრუნებული

image

დღგ-ის ზედმეტობის სახით, დაახლოებით, 238 მლნ ლარია დაბრუნებული, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

მისი თქმით, 6 თვეში მნიშვნელოვანი, 163 მლნ-იანი გადაჭარბებით შესრულდა საგადასახადო შემოსავლები. 

„ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივლისშიც გვექნება გადაჭარბება და შესაბამისად, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა დღგ-ს ზედმეტობების დაბრუნების ტენდენციას. გასულ სრულ წელს, დღგ-ის ზედმეტობის სახით დაბრუნებული იყო 224 მლნ ლარი, რაც თავის მხრივ, არ იყო დაბალი მაჩვენებელი, მაგრამ ჩვენ აღნიშნულ არასრულ 7 თვეში, უკვე მნიშვნელოვნად გადავაჭარბეთ გასული წლის მაჩვენებელს, რაც ასევე, დამატებითი წყაროა საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბებით შესრულებისთვის,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ. მისი თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია დადებითი დინამიკა ინფლაციის კუთხით. 

„ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივზე დაბალია და შეადგენს, დაახლოებით, 2,5%-ს, საბაზისო ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო ნაკლებია. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა შეამცირა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რაც დამატებითი პოზიტიური ფაქტორი უნდა იყოს ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო დასაჩქარებლად. ასევე, მინდა შევეხო იმ პერსპექტივას, რომელიც ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით გაგვაჩნია. ამ მხრივ, დავეყრდნობი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ ეკონომიკური ზრდა საქართველოში მომდევნო პერიოდში, იქნება მაღალი, გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონში, ხოლო ის რეფორმები, რომელიც საქართველოს მთავრობის პაკეტშია, დამატებით იქნება ეკონომიკური ზრდის დამაჩქარებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ. 

დატოვე კომენტარი