ფინანსისტის რჩევა: როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა ლარის რყევების დროს

image

ფინანსისტ ირაკლი ერაძის შეფასებით, როცა ეკონომიკა არაა სტაბილური, შესაძლოა, სენტიმენტებმაც კი, ლარის სერიოზული რყევა გამოიწვიოს. 

ამის შესახებ ერაძემ bm.ge-ის ბოლო პერიოდში გაუფასურების მიმართულებით ლარის ნახტომისებური რყევების შეფასებისას განუცხადა. 

ფინანსისტი ამ დროისთვის პანიკის საფუძველს ვერ ხედავს და საზოგადოებას ურჩევს, საკუთარი ქცევები ნეგატიური მოლოდინების მიხედვით არ მართონ. 

„ამ ეტაპზე ვერ ვხედავ პანიკის საფუძველს და ვერც იმის საჭიროებას, რომ ეროვნულმა ბანკმა გაყიდოს დოლარის რეზერვები ლარის კურსის რყევების შესამცირებლად. მოსახლეობას ვურჩევდი, იყიდონ და გაყიდონ დოლარი მაშინ, როცა მათ სჭირდებათ და არა მოლოდინების გამო, რომ თუ დღეს გაუფასურდა ლარი, ე.ი. ხვალ და ზეგაც მეტად გაუფასურდება და ა.შ. ასეთი ნეგატიური მოლოდინებიდან გამომდინარე ქცევები, ჯამში, ისევ საზოგადოებას დააზარალებს, - აცხადებს ირაკლი ერაძე. 

მისივე თქმით, როცა ეროვნული ვალუტის მიმართ საზოგადოების და ინვესტორების ნდობა ნაკლებია და ამავდროულად, ეკონომიკა არაა სტაბილური, შესაძლოა, სენტიმენტებმაც კი, გამოიწვიოს სერიოზული რყევა. 

„ეს სენტიმენტები კი, რისგან არის გამოწვეული, ამას უკვე ფართო ანალიზი სჭირდება. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, ისეთი სანდო ეკონომიკური და ბიზნეს-გარემო, სადაც მსგავსი რყევები სენტიმენტებზე ნაკლებად იქნება დამოკიდებული, - აღნიშნავს ფინანსისტი. 

ირაკლი ერაძის თქმით, ლარის გაუფასურების იმ ვერსიასაც აქვს არსებობს უფლება, რომლის თანახმად, რყევები მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვყენის ვალუტის მკვეთრმა გაუფასურებამ გამოიწვია და ასევე იმასაც, რომ რყევები საქართველოს მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, მაგრამ ფიქრობს, რომ ორივე ვერსიას „რიცხვებით გამყარებული არგუმენტები სჭირდება, რაც არ ჩანს. 
„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყანა დიდწილად იმპორტზეა დამოკიდებული, საშუალოვადიან პერიოდშიც გაუფასურების მიმართულებით ეროვნული ვალუტის რყევები აუცილებლად გამოიწვევს ინფლაციურ პროცესებს და ასეთ შემთხვევაში, უკვე მთავრობას და ეროვნულ ბანკს უფრო მეტად გაუჭირდება ინფლაციის დაჭერა, - აცხადებს ერაძე. 

დატოვე კომენტარი