ქართულ საცალო ქსელში ნავთობპროდუქტების ფასი ერთ-ერთ მაღალ ნიშნულზეა.

image

ქართულ საცალო ქსელში ნავთობპროდუქტების ფასი ერთ-ერთ მაღალ ნიშნულზეა. გასულ თვეში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასი Platts-ის მიხედვით, რომლის შესაბამისად ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი, ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად გაიზარდა. აგვისტოში ბენზინის ფასმა 41 დოლარით, დიზელის საერთაშორისო ფასმა კი 57 დოლარით მოიმატა.

 მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასი გაიზარდა  და აგვისტოში ლარი დოლართან მიმართებაში 16 პუნქტით გაუფასურდა, ნავთობიმპორტიორები ამბობენ, რომ მარაგების ხარჯზე საქართველოში საცალო ქსელში საწვავი მნიშვნელოვნად არ გაძვირებულა.

„ვოსოლ პეტროლეუმის“ გენერალური დირექტორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ერთერთი მაღალი ფასი ფიქსირდებოდა, რასაც თან დაერთო  ლარის კურსის მერყეობა, გასული თვე მაინც იყო სტაბილური, თუმცა სექტემბერში კომპანიებს მოუწევთ იმპორტის ახალი ფასით განხორციელება, რის გამოც საცალო ქსელში საწვავი შესაძლოა გაძვირდეს, სავარუდოდ, 5 თეთრის ფარგლებში.

 "აგვისტო მაინც იყო სტაბილური. გამომდინარე იქიდან, რომ დიდ კომპანიებს გააჩნიათ მარაგები და გარკვეულწილად ამის ასახვა ხდება რამდენიმე კვირიანი ინტერვალის შემდეგ. სექტემბრის პირველ ნახევარში ბუნებრივია მოგვიწევს გადახედვა ფასების იქიდან გამომდინარე, რომ იმპორტი, რომელიც სექტემბერში განხორციელდება, დაექვემდებარება ახალი ფასით კორექტირებას როგორც ნავთობის საერთაშორისო ფასით, ისე გაცვლითი კურსის მიხედვით. ეს ცვლილება არ იქნება დიდი, თუმცა თითოეული თეთრის მომატება არის მნიშვნელოვანი. დღევანდელი სურათი ისეთია, რომ ცვლილება დაახლოებთ 5 თეთრის ფარგელბში იქნება“-აცხადებს ვასილ ხორავა.

 ნავთობიმპორტიორების ნაწილი აცხადებს, რომ დღეს საწვავზე ფასი რეალურ სიტუაციასთან შედარებით გაცილებით დაბალია, რასაც ბაზარზე საკმაოდ მაღალი კონკურენცია განაპირობებს.

 „ბოლო პერიოდში ხდება ის, რომ რადგან ფასი ისეთ დონეზე მიდის, მოხშირდა მომხმარებლის უკმაყოფილება. ამ დროს ბაზარი გვზღუდავს რეალურად ავსახოთ ის სიტუაცია, რაც არის. გრძელ ვადაში რომ გადავხედოთ, ფასი შეიძლება დღეს მაღალია, მაგრამ კონკურენტული გარემო არის უფრო მჭიდრო და ფასი, რაც შეიძლება თეორიაში იყოს, იმაზე დაბალია. დღეს ფასები არის მაქსიმალურად იმ ნიშნულზე, რაც შეიძლება რომ იყოს. ამასთან, ძალიან დიდი სხვაობებია ბაზარზე, 20 თეთრიანი სხვაობები შეიძლება აღმოჩნდეს ქსელიდან ქსელში, რაც იმის მანიშნებელია, რომ მიმდინარეობს სერიოზული ბრძოლა ამ ბაზარზე“-აცხადებს bm.ge-თან „სოკარის“ გენერალური დირექტორი, ლევან გიორგაძე.

 

დატოვე კომენტარი