ტაქსების რეგულაციის ამოქმედების შემდეგ 2000-ზე მეტი ლიცენზია გაიცა

image

ტაქსების რეგულაციის ამოქმედებიდან დღემდე 2000-ზე მეტი ლიცენზია გაიცა. დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისში ლიცენზირებული ტაქსებისთვის სპეციალური ადგილები გამოიყოფა და მძღოლები პარკირების საფასურს არ გადაიხდიან.

" ჩვენ ვგეგმავთ ქალაქში, ეკონომიკურად აქტიურ ზონებში, სადაც მოთხოვნა მაღალია ტაქსის მომსახურებაზე, გამოიყოს სპეციალური ადგილები, სადაც დგომის უფლება ექნებათ მხოლოდ ტაქსებს. მივმართავ ჩემს მოადგილეებს ირაკლი ხმალაძეს და მაია ბითაძეს, დაიწყონ მუშაობა ასეთი ადგილების შერჩევასა და გამოყოფაზე, რომ ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპიდან მაინც ჩვენ შევძლოთ ტაქსებისთვის ასეთი ადგილების გამოყოფა," - განაცხადა კახა კალაძემ.

საკრებულომ ტაქსების რეგულაციის წესი 27 ივლისს დაამტკიცა.

რეგულირების მეორე ეტაპი 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დაიწყება და საჭისა და კარების გარდა, ყურადღება ტაქსის ფერსაც მიექცევა. კერძოდ, 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ტაქსებისთვის განკუთვნილი ფერი დადგინდება. 

თბილისის მერმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს თქვა, რომ ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესება აუცილებელია. ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, დაჯარიმდებიან. ტაქსების რეგულაციაზე საუბარი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაშიც არის, რომელიც კახა კალაძემ 24 ივლისს წარადგინა.

დატოვე კომენტარი