ოქტომბრიდან ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პროცედურა მარტივდება

image

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის შედეგად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და კომერციულ ბანკებს შორის რეალური დროის რეჟიმში ინფორმაციის მიმოცვლის სისტემა ამოქმედდება. რაც გაამარტივებს სესხის აღების პროცესს იმ ფიზიკური პირებისთვის, რომელთაც დეკლარირებული შემოსავლები აქვთ.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, დაქირავებით მომუშავე (ხელფასის ტიპის შემოსავალი) და გადახდის წყაროსთან დასაბეგრი სხვა შემოსავლის (დივიდენდი, მომსახურების ანაზღაურება, საპროცენტო შემოსავლები და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული სხვა ტიპის შემოსავლები) მიმღები ფიზიკური პირის მიერ კომერციულ ბანკში საკრედიტო პროდუქტით სარგებლობის შესახებ განაცხადის შეტანისას, მომხმარებელს შემდეგი არჩევანი აქვს:

შემოსავლების დადასტურების მიზნით ბანკების მიერ სტანდარტულად მოთხოვნილი დოკუმენტები - ცნობა ხელფასის შესახებ და საბანკო ამონაწერი - მატერიალური ფორმით წარადგინოს. ასევე, სურვილის შემთხვევაში, ახალი სისტემა თავად უზრუნველყოფს მომხმარებლის ყოველთვიური დეკლარირებული შემოსავლის შესახებ ინფორმაციის კომერციული ბანკისთვის მიწოდებას.

ამ სქემით გამარტივდება სესხის გაცემის პროცესი და დაიზოგება მსესხებლის დრო და ხარჯები. შედეგად, მომხმარებელი უფრო სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას მიიღებს.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2018 წლის პირველი ივლისიდან მცირე ბიზნესით დაკავებული პირებისთვის, რომელთა ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 500,000 ლარს, მნიშვნელოვნად, 1პროცენტი-მდე შემცირდა ბრუნვის გადასახადი.

იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება დარეგისტრირდება გადასახადის გადამხდელად და მიიღებს ე.წ. მცირე ბიზნესის სტატუსს, კლიენტი ამ სისტემის საშუალებით მნიშვნელოვნად გამარტივებული პროცედურის გავლითა და დაბალი დანახარჯებით შეძლებს საკრედიტო განაცხადის გაკეთებას.

სურვილისა და თანხმობის შემთხვევაში, სისტემა თავად უზრუნველყოფს მომხმარებლის ყოველთვიურად დეკლარირებული შემოსავლის შესახებ ინფორმაციის კომერციული ბანკისთვის მიწოდებას, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს კომერციული ბანკის მიერ საკრედიტო განაცხადის განხილვას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.

ამასთან, მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების შემდეგ, პირი ვალდებულია წარადგინოს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. აღსანიშნავია, რომ ისეთი პროფესიის მქონე პირებს, როგორიცაა ძიძა, ტაქსის მძღოლი, რეპეტიტორი და მსგავსი, რომელთა წლიური ბრუნვა 30,000 ლარს არ აღემატება, შეუძლიათ შემოსავლების სამსახურს მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართონ.

ასეთი სტატუსის მინიჭების შეთხვევაში, მათ საშემოსავლო გადასახადის გადახდა არ მოუწევთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ შემთხვევაში ბანკი მიიღებს ინფორმაციას კლიენტის სტატუსის შესახებ. თუმცა, ზემოხსენებული პროფესიის წარმომადგენლებს შეუძლიათ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მიმართონ არა მიკრო ბიზნესის, არამედ მცირე მეწარმის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით და ბრუნვის 1პროცენტი-იანი გადასახადის გადახდის შედეგად, შეიქმნან გადასახადის გადახდისა და, შესაბამისად, შემოსავლის არსებობის ისტორია, რაც კომერციული ბანკებიდან სესხის გამარტივებული მიღების წინაპირობაა.

საწყის ეტაპზე პროექტით ისარგებლებენ კომერციული ბანკები, ხოლო სესხის გამცემი სხვა ორგანიზაციები სისტემაში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.

დატოვე კომენტარი