სექტორები, სადაც საშუალო ხელფასი ყველაზე სწრაფად იზრდება

image

2017 წელს საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 6.3 პროცენტით გაიზარდა და 999.1 ლარი შეადგინა. 
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს საქმიანობების დარგების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის (2008.3 ლარი); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (1594.5 ლარი); მშენებლობის (1465.7 ლარი) და ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებში (1425.7 ლარი). 

გენდერული თვალსაზრისით, 2017 წელს ქალების და კაცების საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წინა წელთან შედარებით 5.3 და 7.2 პროცენტით გაიზარდა და, შესაბამისად, 770.2 და 1197.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი თითქმის ყველა სექციაში აღემატება ქალების საშუალო ხელფასს. 

2017 წელს საშუალო ნომინალური ხელფასების დონე სახელმწიფო სექტორში თითქმის არ შეცვლილა წინა წელთან შედარებით და 861.2 ლარი შეადგინა. შესაბამისად, საშუალო ხელფასების ზრდა ქვეყანაში მთლიანად არასახელმწიფო სექტორზე მოდის: 2017 წელს არასახელმწიფო სექტორის ხელფასები 990.9 ლარიდან 1077.1 ლარამდე გაიზარდა. 

ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 2017 წელს წინა წელთან შედარებით 8.7 პროცენტით გაიზარდა და 1019.7 ლარი შეადგინა. 
საქმიანობის სახეების მიხედვით ბიზნეს სექტორის ყველა დარგში დაფიქსირდა ხელფასების მატება. ხელფასის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (1759.8 ლარი) და მშენებლობის (1473.0 ლარი) დარგებში. წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდამ აღნიშნულ სექტორებში შეადგინა შესაბამისად 11.7 და 15.7 პროცენტი. არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 962.7 ლარს გაუტოლდა, რაც წლიურ გამოსახულებაში 2.1-პროცენტიან ზრდას წარმოადგენს. 

2017 წელს, დაკავებული პოზიციების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასები ფიქსირდება მენეჯერულ პოზიციებზე: „კანონმდებლების, მთავრობის მაღალი რანგის თანამდებობის პირების და მენეჯერების“ პოზიციაზე ხელფასის დონემ 2177.4 ლარი შეადგინა. ხელფასების დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის დარგის კვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე. ისევე როგორც საქმიანობის სახეების შემთხვევაში, ქალების საშუალო თვიური ხელფასი დაკავებული პოზიციების მიხედვით აგრეთვე მნიშვნელოვნად ჩამორჩება მამაკაცების საშუალო თვიურ ხელფასებს. 

დატოვე კომენტარი