ლარის გაუფასურების მიზეზები დასახელდა

image

ბოლო დღების განმავლობაში, ლარის კურსის გაუფასურებას არასამათავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე სეზონურ ფაქტორს და მოლოდინებს უკავშირებს.

როგორც „რადიო იმედის“ გადაცემა „ეკონომიქსში“ გიორგი კეპულაძემ თქვა, ტრადიციულად, ამ პერიოდში ეროვნულ ვალუტაზე სეზონური ფაქტორი მოქმედებს.

„ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით, იზრდება მოთხოვნა დოლარზე, რასაც ფაქტია ვერავის აუკრძალავ, მაგრამ კარგი იქნება თუ უფრო მეტი კომუნიკაცია იქნება ბიზნესთან, ამას ემატება წინასაარჩევნო გარემო და ამ კუთხით მოლოდინები“, – აცხადებს კეპულაძე და განმარტავს რომ საგარეო ფაქტორები ამჯერად ნაკლებ გავლენას ახდენს ლარის კურსზე.

მისი თქმით, მეზობელ თურქეთში ბოლო პერიოდში ლირა გამყარების ტრენდს ინარჩუნებს. მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებები არ არის არც მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან, შესაბამისად, "პანიკის საფუძველი არ არსებობს", – აცხადებს კეპულაძე.

ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის მურთაზ კიკორიას შეფასებით კი ლარის ასეთ რყევაზე ბანკის პასუხი დოლარიზაციის შემცირებაა. "ჩვენი მთავარი მანდატი არის ინფლაცია. შესაბამისად, დაბალი ინფლაციისა და უცხოურ ვალუტაში სესხების არარსებობის პირობებში, ლარის რყევა მოსახლეობაზე ნაკლებად აისახება", - განაცხადა მურთაზ კიკორიამ. მის კომენტარს სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ეროვნული ბანკის ახალი კურსით, 17 ოქტომბერს 1 დოლარის ღირებულება 2.6855 ლარი იქნება, თუმცა სავალუტო ჯიხურებში და კომერციულ ბანკებში კურსი კიდევ უფრო მაღალია.

დატოვე კომენტარი