„ბევრ მიმართულებაში წარმატებული არ ვიყავით, ხარვეზები არსებობდა და ამის შედეგად ეს შედეგი დადგა“

image

ადამიანთა დიდი ნაწილი, ვინც გარკვეული იმედგაცრუების გამო არჩევნებზე არ მივიდა, ახლა ეცდება, რეალობა სხვანაირად გაიაზროს, – 1tv.ge-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ამ დღეებში ცნობილი გახდეს, რა კეთდება არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად.

„ლიდერების მხრიდან გაჟღერდა, რომ შეცდომებს სერიოზული გაანალიზება სჭირდება, თუმცა ამის თქმა საკმარისი არ არის.  ბევრ მიმართულებაში წარმატებული არ ვიყავით, ხარვეზები არსებობდა და ამის შედეგად ეს შედეგი დადგა, ეს პოზიცია მაქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ამ დღეებში ცნობილი გახდეს, ამის გამოსასწორებლად რას ვაკეთებთ. თუნდაც ვერტიკალის გაძლიერება რას ნიშნავს, სტილის შეცვლა რას გულისხმობს. კითხვას პირდაპირ დავსვამდი, თუ ვამბობთ, რომ ინკლუზიური ეკონომიკა ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევაა, მნიშვნელოვანია, დაკონკრეტდეს, ამ თვალსაზრისით რა ნაბიჯები გადაიდგმება. ადამიანთა დიდი ნაწილი, ვინც განაწყენებული იყო და არჩევნებზე გარკვეული იმედგაცრუების გამო არ მოვიდა, ალბათ, ახლა შეეცდებიან, რეალობა სხვანაირად გაიაზრონ და საკითხი დააყენონ არა ორ კანდიდატს შორის არჩევანზე, არამედ ადამიანთა დიდი ნაწილისთვის არჩევანი დადგება, რამდენად აქვთ სურვილი ისეთ ძალას ენდონ, რომელსაც ძალადობრივი ინსტრუმენტები ჰქონდა  პოლიტიკურ არსენალში.

თუ ისინი შეძლებენ, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ამისგან გამიჯვნა შეუძლიათ, ეს მათი სამუშაოა მომავალ არჩევნებამდე. ჩვენმა გუნდმა კი, უნდა დააკონკრეტოს ის ღონისძიებები, რითაც იმედგაცრუება უნდა დავძლიოთ. არჩევნების შედეგის მიზეზად სალომე ზურაბიშვილის ბრალზე მეტად ჩვენი განვლილი პერიოდის შედეგებს უფრო ვასახელებ, რადგან რუსეთთან დაკავშირებული არგუმენტი მხოლოდ იმ ნაწილზე ზემოქმედებდა, ვინც ტრადიციული ამომრჩეველი იყო იმ გუნდის, რომელსაც გრიგოლ ვაშაძე ხელმძღვანელობს“, – განაცხადა რომან კაკულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დატოვე კომენტარი