მერია დედაქალაქში „არასწორ ადგილებზე" განთავსებულ ჯიხურებს ადგილს შეუცვლის

image

დედაქალაქში არასწორ ადგილებზე განთავსებულ ჯიხურებს ადგილმონაცვლეობის პრინციპით, სხვა ტერიტორიებზე გადაიტანენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. 

მისი თქმით, თბილისის წინა მთავრობის პერიოდში ქალაქში 2500 ჯიხური განთავსდა, რომელთა უმრავლესობასაც იჯარის ხელშეკრულების ვადა გაუვიდა. 

„ამ გადაწყვეტილებაში ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ამ ჯიხურების დიდი ნაწილი ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, არასწორ და ზოგ შემთხვევაში კანონმდებლობით დაუშვებელ ადგილებშია განთავსებული, რაც პრობლემების მიზეზი ხდება, როგორც ფეხით მოსიარულეებითვის, ასევე არის შემთხვევები, როცა ფერხდება სატრანსპორტო მოძრაობაც“, - განაცხადა კალაძემ. 

მისი თქმით, იმ ჯიხურებზე, რომლებიც პრობლემებს არ ქმნიან, მერია ხელახალ აუქციონს გამოაცხადებს, დანარჩენებს კი, მუშაობისთვის გარკვეული დრო მიეცემათ. 
,,დეტალურდ ვიცით ყველა ის ობიექტი, რომელიც არასწორ ადგილებზეა განთავსებული და წარმოადგენს პრობლემას, ასეთ ჯიხურებს მერია დამატებით ვადას განუსაზღვრავს 3-დან 6 თვემდე. მოხდება იჯარის ვადის გადაცილებიდან, უკანონოდ ყოფნის პერიოდის ლეგალიზება და მიეცემათ დამატებით ვადა, რა დროსაც ექნებათ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების საშუალება. არავის არ ვერჩით, უნდა მოხდეს ადგილმონაცვლეობა და მათ მიეცემათ საქმიანობის გაგრძელების საშუალება“, - განაცხადა კალაძემ. 
მისივე თქმით, თბილისი არ უნდა იყოს ჯიხურების ქალაქი. 

,,ეს 2500 ჯიხური, ამდენივე და უფრო მეტ ადამიანს ინახავს და მათი შემოსავლის წყაროა. ძალიან რთულია არსებულ პირობებში მიიღო გადაწყვეტილება. ასე მარტივად ვერ მოხდება ჯიხურების აღება, თუმცა გარკვეულ პრინციპებზე უნდა შევთანხმდეთ. თბილისი ვერ იქნება ჯიხურების ქალაქი“, - განაცხადა კალაძემ.

დატოვე კომენტარი