ეროვნული ბანკის ერთდღიანი სესხები და დეპოზიტები

image

ერთდღიანი სესხები და ერთდღიანი დეპოზიტები წარმოადგენს ეროვნული ბანკის მუდმივმოქმედ ინსტრუმენტებს, რომელთა შეთავაზება ხდება კომერციული ბანკებისთვის მათი მოთხოვნის საფუძველზე.

ერთდღიანი სესხი გაიცემა კომერციულ ბანკებზე შესაბამისი უზრუნველყოფის საფუძველზე. სესხის უზრუნველყოფად შეიძლება გამოყენებულ იქნას სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, საერთაშორისო საბანკო გარანტიები და ბანკების სასესხო აქტივები. სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაფარვა ხდება საანგარიშსწორებო დღის დახურვამდე. ერთდღიან სესხზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება როგორც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს პლიუს ერთი პროცენტული პუნქტი.

ერთდღიანი დეპოზიტის ეროვნულ ბანკში განთავსება კომერციულ ბანკს შეუძლია წინასწარი შეტყობინების გარეშე ყოველ სამუშაო საბანკო დღეს, საანგარიშსწორებო დღის დახურვამდე. მომდევნო სამუშაო საბანკო დღეს, საოპერაციო დღის გახსნისთანავე, ერთდღიანი დეპოზიტის ძირითად თანხას და მასზე დარიცხულ პროცენტს ეროვნული ბანკი ჩარიცხავს ბანკის საკორესპოდენტო ანგარიშზე. ერთდღიან დეპოზიტზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება როგორც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს მინუს ერთი პროცენტული პუნქტი.

ერთდღიანი სესხებისა და ერთდღიანი დეპოზიტების ინსტრუმენტებით ფაქტობრივად დაწესდა საპროცენტო განაკვეთის ორპროცენტიანი დერეფანი ბანკთაშორის ბაზარზე, რაც ხელს უწყობს ბანკთაშორისი ბაზრის საპროცენტო განაკვეთის მერყეობის შემცირებას.


მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთი 

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია და ის ერთგვარ ორიენტირს წარმოადგენს საბაზრო განაკვეთებისათვის. 

გადაწყვეტილება პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის ცვლილებაზე მიიღება მიმდინარე და მოსალოდნელ ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებზე დაკვირვების შედეგად საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ. მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებლის გათვალისწინება ხდება, ვინაიდან გატარებული პოლიტიკის შედეგი ეკონომიკაზე  დროის კარკვეული პერიოდის შემდეგ აისახება. თუ პროგნოზირებული მაჩვენებელი აღემატება ინფლაციის მიზნობრივ დონეს, ეროვნული ბანკი გაამკაცრებს მონეტარული პოლიტიკას და აწევს საპროცენტო განაკვეთს, რათა შეზღუდული იყოს მომავალში ფასების დონის მატება. შედეგად, შემცირდება ერთობლივი მოთხოვნა, რაც ზეგავლენას მოახდენს ფასების ზრდის ტემპზე. საპირისპირო შემთხვევაში, როდესაც ერთობლივი მოთხოვნა არის დაბალი და ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებელი ნაკლებია მიზნობრივზე, ეროვნული ბანკის მიერ გატარდება ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკა - შემცირდება საპროცენტო განაკვეთი, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაეცემა სესხების საპროცენტო განაკვეთს და გამოიწვევს ერთობლივი მოთხოვნის წახალისებას.

                                                                                                                                             

დატოვე კომენტარი