APM TERMINALS: “პეის ჯგუფს ფოთის პორტის რეგულაციების გათვალისწინება მოუწევს“

image

„ე.წ. 201-ის პროექტს მოუწევს იმ შეზღუდვების გათვალისწინება, რაც აქვს ფოთის პორტს, რადგან პორტში მხოლოდ 1 შემოსასვლელი არხია, რომლის სიღრმე 10,5 მეტრია, რაც სავსებით შეესაბამება არსებულ რეგულაციებს, შესაბამისად არხის კიდევ უფრო დაღრმავება არ იგეგმება“ - ასე გამოეხმაურა ფოთის საზღვაო ნავსადგურის გენერალური დირექტორი კლაუს ჰოლმ ლაურსენი ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემაში - "ანალიტიკა" - „პეის ჯორჯიას“ მიერ გახმაურებულ პროექტს ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. 

პეის ჯგუფი ფოთის პორტში APM Terminals-ის კუთვნილ 8 ნავმისადგომს უწევს ოპერირებას. ჯგუფმა ულტრათანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებულ გეგმებზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც გაირკვა, რომ პეის ჯორჯიას ამერიკის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია - OPIC-ი - 50 მილიონი ამერიკული დოლარით დააფინანსებს. 

მთლიანად ტერმინალის პროექტის ღირებულება 120 მილიონი ამერიკული დოლარია, პირველი ფაზისთვის - 99 მილიონი დოლარი დაიხარჯება. აქედან - 50 მილიონი დოლარი OPIC-ის დაფინანსება იქნება. 

ავტორი: ელენე კვანჭილაშვილი

დატოვე კომენტარი