ექვემდებარება თუ არა მონიტორინგს უჩვეულო გარიგებები?

image

უჩვეულო გარიგებების მიმართ ფინანსური ინსტიტუტების მიერ გასატარებელი ღონისძიებები ჩამოყალიბებულია ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის შესაბამის რეკომენდაციაში, რომელიც თავის მხრივ ასახულია საქართველოს კანონმდებლობაში.

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის მე–2 მუხლში მოცემულია უჩვეულო გარიგების განმარტება (პუნქტი თ 1), ამავე კანონის მე–5 მუხლის მე–9 და მე–10 პუნქტები კი განსაზღვრავენ მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებას უჩვეულო გარიგებებთან დაკავშირებით. კერძოდ, მონიტორინგის განმახორციელებელმა პირებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ უჩვეულო გარიგებებს, შესაძლებლობის ფარგლებში შეისწავლონ მათი დადების მიზანი და წერილობით დააფიქსირონ მიღებული შედეგები. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები თავად განსაზღვრავენ გარიგების უჩვეულო გარიგებისთვის მიკუთვნების პრინციპებს. გადაწყვეტილება გარიგების (ოპერაციის) უჩვეულოდ მიჩნევის შესახებ მიიღება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, მონიტორინგის განმახორციელებელი პირის სათანადო სტრუქტურული ერთეულების მიერ კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციისა და მომსახურების შედეგად მოპოვებული, აგრეთვე მონიტორინგის განმახორციელებელი პირთან არსებული ინფორმაციის საფუძველზე. ამასთან, ზემოაღნიშნული კანონის მე–7 მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია უჩვეულო გარიგების შესახებ ჩანაწერები შეინახოს გარიგების დადების ან შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს უჩვეულო გარიგებების შესახებ ანგარიშგების ფორმის ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნის ვალდებულებას. ასეთი გარიგებების მიმართ უნდა გატარდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზემოთაღწერილი პროცედურები.

დატოვე კომენტარი