ექვემდებარება თუ არა ყველა გარიგება ფინანსურ მონიტორინგს?

image

ყველა გარიგება არ ექვემდებარება მონიტორინგს. «უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ» საქართველოს კანონის მეხუთე მუხლი განსაზღვრავს მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებებს.
მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება, ან/და გარიგების (მისი თანხის) დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა (გარდა კომერციული ბანკების, საბროკერო და სადაზღვევო კომპანიების, აგრეთვე საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირების საშუალებით შესრულებული გარიგებებისა), თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:

ა) გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში (როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში);

ბ) გარიგება საეჭვოა ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის «თ» ქვეპუნქტის შესაბამისად;

საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ან/და ქონება (მათ შორის, ფულადი სახსრები), რომლის საფუძველზედაც დაიდო ან შესრულდა გარიგება, მოპოვებულია ან წარმოშობილია დანაშაულებრივი საქმიანობიდან, ან/და გარიგება დაიდო ან შესრულდა ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან (მუხლი 2 „თ“);

კანონი და, მის საფუძველზე, შესაბამისი დებულებები დიფერენცირებულად განსაზღვრავენ კომერციული ბანკების, საბროკერო და სადაზღვევო კომპანიებისა და საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა სახეობებს.

კომერციული ბანკების მონიტორინგს ექვემდებარება საეჭვო გარიგება, აგრეთვე პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და მისი დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) და ამავე დროს იგი თავისი შინაარსით არის შემდეგი გარიგება (ოპერაცია):

ა) თანხის მიღება წარმომდგენზე საბანკო ჩეკით;

ბ) უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ბანკნოტების საშუალებით;

გ) საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მოქმედი ან რეგისტრირებული ბანკის საბანკო ანგარიშიდან მფლობელის მიერ თანხის გადმორიცხვა საქართველოში არსებულ საბანკო ანგარიშზე ან თანხის გადარიცხვა საქართველოდან ასეთ ზონაში მოქმედ ან რეგისტრირებულ ბანკში არსებულ საბანკო ანგარიშზე;

დ) საყურადღებო ან საეჭვო ზონაში რეგისტრირებული პირის მიერ სესხის გაცემა ან მიღება, ანდა ასეთი პირის მიერ საქართველოში არსებული საბანკო დაწესებულების მეშვეობით განხორციელებული ნებისმიერი სხვა გარიგება (ოპერაცია);

ე) სხვა სახელმწიფოში ანონიმური პირის საბანკო ანგარიშზე თანხის საქართველოდან გადარიცხვა ან ანონიმური პირის სხვა სახელმწიფოში არსებული საბანკო ანგარიშიდან თანხის საქართველოში გადმორიცხვა;

ვ) საწარმოს საწესდებო კაპიტალში ფულადი სახსრების შეტანა, გარდა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ანგარიშვალდებულ საწარმოთა აქციების შეძენისა;

ზ) ფიზიკური პირის (არამეწარმე სუბიექტის) მიერ საბანკო ანგარიშზე ფულადი სახსრების ნაღდი ფორმით განთავსება და გადარიცხვა (გარდა ბიუჯეტში თანხების ჩარიცხვისა და საქართველოს ფარგლებში მის საკუთარ ანგარიშებს შორის თანხის გადარიცხვისა);

თ) სესხის გაცემა წარმომდგენზე ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფით;

ი) იურიდიული პირის რეგისტრაციიდან 90 კალენდარულ დღეში თანხის მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა ან ამ ანგარიშიდან გადარიცხვა;

კ) გრანტის (გარდა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გაცემული გრანტისა) ან საქველმოქმედო დახმარების თანხის ანგარიშზე ჩარიცხვა ან ანგარიშიდან გადარიცხვა; (23.03.2010 N2829)

ლ) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობით განხორციელებული გარიგება (ოპერაცია).

საბროკერო კომპანიების მონიტორინგს ექვემდებარება საეჭვო გარიგება, აგრეთვე პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და მისი დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) და ამავე დროს იგი თავისი შინაარსით არის შემდეგი გარიგება (ოპერაცია):

ა) წარმომდგენზე ფასიანი ქაღალდებით შესრულებული გარიგება;

ბ) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობით განხორციელებული გარიგება (ოპერაცია);

გ) ფასიანი ქაღალდებით საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მყოფი და რეგისტრირებული პირის მიერ ან/და ასეთ ზონაში მოქმედი ბანკის საბანკო ანგარიშის გამოყენებით შესრულებული გარიგება;

დ) ნაღდი ფულით შესრულებული გარიგება.

სადაზღვევო კომპანიების მონიტორინგს ექვემდებარება საეჭვო გარიგება, აგრეთვე პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და მისი დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) და ამავე დროს იგი თავისი შინაარსით არის შემდეგი გარიგება (ოპერაცია):

ა) დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევა;

ბ) ანუიტეტური და საპენსიო დაზღვევა;

გ) პრემიის დაბრუნების პირობით პიროვნული დაზღვევა;

დ) საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მყოფი და რეგისტრირებული პირის მიერ ან/და ასეთ ზონაში მოქმედი ბანკის საბანკო ანგარიშის გამოყენებით შესრულებული გარიგება;

ე) დამზღვევის ინიციატივით პირველი სამი თვის განმავლობაში გაწყვეტილი სადაზღვევო კონტრაქტი;

ვ) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობით განხორციელებული გარიგება (ოპერაცია);

ზ) ნაღდი ფულით შესრულებული გარიგება.

საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მონიტორინგს ექვემდებარება საეჭვო გარიგება, როდესაც ეს პირი კლიენტის დავალებით ან კლიენტის სახელით მონაწილეობს შემდეგი სახის საქმიანობაში/გარიგებაში:

ა) უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა;

ბ) ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების ან სხვა ქონების მართვა;

გ) საბანკო, შემნახველი ან ფასიანი ქაღალდების ანგარიშების მართვა;

დ) იურიდიული პირის შექმნისთვის, საქმიანობისთვის ან მართვისთვის შენატანების ორგანიზება;

ე) იურიდიული პირის ან ამხანაგობის შექმნა, საქმიანობა ან მართვა;

ვ) იურიდიული პირის (წილის) ყიდვა-გაყიდვა.

დატოვე კომენტარი